
გაეროს პრესსპიკერის ინფორმაციით, ორგანიზაციის წარმომადგენლები უკრაინის ქალაქ იზიუმში მონიტორინგის მიზნით ჩასვლას აპირებენ.
როგორ ელისაბეთ თრასელმა თქვა, ისინი შეისწავლიან ადგილზე მასობრივ საფლავებში აღმოჩენილი მოკლულების გარდაცვალების გარემოებებს.
"რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია. სწორედ ამიტომ, ჩვენი კოლეგები იკვლევენ ამ ბრალდებებს და ისინი იზიუმში მონიტორინგის ვიზიტის ორგანიზებას აპირებენ, რათა დადგინდეს ამ პირების გარდაცვალების გარემოებები", - ელისაბეთ თრასელი.
შეგახსენებთ, უკრაინელი სამხედროები ქალაქ იზიუმში 10 სექტემბერს შევიდნენ და 6-თვიანი ოკუპაციისგან გაათავისუფლეს. 16 სექტემბერს ხარკოვის ოლქის პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსმა, სერგეი ბოლვინოვმა განაცხადა, რომ გათავისუფლებულ იზიუმში მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, სადაც 440-ზე მეტი ცხედარი იყო.