
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას უფლებადამცველის დიტო საძაგლიშვილის თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იმ მუხლით, რა მუხლითაც ნიკა გვარამია პატიმრობაშია, არავის მიმართ მსგავსი განაჩენი არ გამოტანილა.
მისივე თქმით, ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივაციით დევნის ნიკა გვარამიას.
დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, ნიკა გვარამიას საქმეზე დემოკრატიული ინიციატივის მკვლევარი დაიკითხა, ვინც სასამართლო პრაქტიკა და სტატისტიკა გაანალიზა. ამ მონაცემებით ირკვევა, რომ 220- ე მუხლით ციხეში სასამართლომ ერთადერთი ადამიანი გაუშვა:
"ამ ორგანიზაციამ მოითხოვა სტატისტიკა უზენაესი სასამართლოსგან და მიიღეს პასუხი წერილობით, რომლის ავთენტურობაზეც არ შეიძლება არსებობდეს საერთოდ კითხვის ნიშნები და ამ პასუხიდან გამომდინარეობს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში 220-ე მუხლით, ანუ იმ მუხლით, რა მუხლითაც ნიკა გვარამია არის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული, არცერთი სხვა პირი არ ყოფილა განწესებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ეს ნიშნავს ერთადერთ რამეს, რომ ხელისუფლება პოლიტიკური მოტივაციით დევნის ნიკა გვარამიას, იმიტომ რომ არ აიხსნება სხვანაირად სტატისტიკისგან განსხვავება, ბოლო 5 წლის განმავლობაში თუ სხვა საქმეებზე ეხებოდა აბსოლუტურად სხვა შინაარსის სასჯელების შეფარდება და მხოლოდ ნიკა გვარამია აღმოჩნდა გამონაკლისი ცხადია, რომ ეს მიუთითებს უკან მდგარ მოტივზე ამ განაჩენის მიღების მომენტში" - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.
პროკურორი კი ამტკიცებს, რომ 2017 -დან 2021 წლამდე არაერთი პირის მიმართ ყოფილა გამოტანილი 220-ე მუხლით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა.
"ჩვენი მხრიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ამ ხსენებული მოწმის მიერ გაცხადებული პოზიცია, როგორც სასამართლოში ასევე მის მიერ გამოქვეყნებული წერილი არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ წარმოვადგინეთ უზენაესი სასამართლოს განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ 2017-2021 წლებში არაერთი პირის მიმართ იქნა გამოტანილი 220-ე მუხლით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა და ჩვენი მხრიდან დღეს სასამართლოში წარმოდგენილი იქნა განაჩენები, რომლითაც დასტურდება, რომ არაერთი პირის მიმართ არის გამოყენებული სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა" - ამბობს ზვიად გუბელაძე
შეგახსენებთ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას საქმის მომდევნო სხდომა 4 ოქტომბერს, 12 საათზე ჩანიშნა, სადაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.