
ირანის პრეზიდენტმა, იბრაჰიმ რაისმა ტელეკომპანია CNN-ის წამყვანთან დაგეგმილი ინტერვიუ იმის გამო გააუქმა, რომ ჟურნალისტი პრეზიდენტის მოთხოვნას თავსაბურავის გაკეთების შესახებ არ დაეთანხმა.
ქრისტიან ამანპურს, ინტერვიუ ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში უნდა ჩაეწერა და ირანის პრეზიდენტთან საუბარს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე აპირებდა. ინტერვიუმდე 40 წუთით ადრე, ირანის პრეზიდენტის თანაშემწმემ წამყვანს შესთავაზა, რომ თავსაბურავი გაეკეთებინა, რაზეც ამანპურმა უარი განაცხადა.
ქრისტიან ამანპური ირანის დედაქალაქში, თეირანში გაიზარდა. მისივე თქმით, ის ყოველთვის იკეთებს თავსაბურავს, როცა ირანში მუშაობს, რადგან სხვა შემთხვევაში ირანში ჟურნალისტური საქმიანობის შესრულება შეუძლებელია, ირანის ფარგლებს გარეთ კი, სადაც ეს მოთხოვნა არ არსებობს, ის თავსაბურავის გაკეთებას არ აპირებს.
"ნიუ-იორკში ან ირანის ფარგლებს გარეთ ნებისმიერ ადგილას, 1995 წლის შემდეგ ირანის ყველა პრეზიდენტთან მქონია ინტერვიუ, მაგრამ არც ერთ პრეზიდენტს და არასდროს უთხოვია, რომ თავსაბურავი გამეკეთებინა. ზრდილობიანად ვთქვი უარი თავსაბურავის გაკეთებაზე ჩემი და ყველა ქალი ჟურნალისტის სახელით, იმიტომ რომ ეს არ არის მოთხოვნა", – ამბობს ამანპური
მისივე თქმით, ირანის პრეზიდენტის თანაშემწემ მას მკაფიოდ განუცხადა, რომ ირანის პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ ამერიკულ მიწაზე ისე ვერ ჩაივლიდა, თუ წამყვანს თავსაბურავი არ ექნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ირანში საპროტესტო აქციები ჰიჯაბის ტარების კანონის დარღვევის გამო დაპატიმრებული 22 წლის ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას მოჰყვა. პროტესტი ირანის 20-ზე მეტმა ქალაქმა მოიცვა, რასაც შეტაკებებიც მოჰყვა, არიან დაღუპულებიც.