
"ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები და გაუგებარია, რატომ ითხოვენ ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები" - ასე პასუხებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ანა წითლიძე სამოქალაქო აქტივისტის, გიორგი მუმლაძის ბრალდებებს.
მუმლაძის თქმით, ნიკა მელიამ მას პროვოკატორი უწოდა, რასაც პარტიის ოფისში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ბოლო დღეებია მუმლაძე მოთოვს, რომ ნიკა მელიამ თანამდებობა დატოვოს.
წითლიძის თქმით, ვინ რა თანამდებობაზე იქნება პარტიაში, ამას თავად პარტიის წევრები წყვეტენ:
"10 წლის განმავლობაში ამ პარტიას გამოუვლია ძალიან ბევრი და ამ პარტიას ჰყავს წევრები, რომლებიც შიდა არჩევნებით, გამჭვირვალედ და ღიად ირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს, გენერალურ მდივანს და პოლიტსაბჭოს. თუ პარტიის წევრებს ექმნებათ პრობლემა ან კითხვა რომელიმე ამ არჩეულ ადამიანთან, ამას გადაწყვეტს პარტია და პარტიის პოლიტსაბჭო.
ეს ადამიანები არ არიან პარტიის წევრები, ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები და გაუგებარია, რატომ ითხოვენ იმ პარტიაში, რომლის წევრებიც ისინი არ არიან, ან პარტიის თავმჯდომარის გადადგომას, ან რატომ აქვთ პრეტენზიები", - თქვა ანა წითლიძემ.
მუმლაძის ბრალდებებს დღეს ენმ-შიც უპასუხეს. გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქტივისტი გიორგი მუმლაძე რამდენიმე პირთან ერთად ნიკა მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და "შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა".