დავასახელებ, ვინ მითხრა, რომ ქართულ მხარეს ქრთამი მისცეს - აფგან მუხთარლის განცხადება

გამოქვეყნდა:

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი კიდევ ერთხელ საუბრობს თბილისიდან მისი გატაცების დეტალებზე და კიდევ ერთხელ ადებს ხელს საქართველოს ხელისუფლების მაშინდელ მაღალჩინოსნებს. თუმცა, მუხთარლის თქმით, ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის უშუალო მითითებით მოხდა.

აფგან მუხთარლი თბილისში დღეს ჩამოვიდა. საქართველოს პროკურატურამ ის ოფიციალურად გუშინ ცნო დაზარალებულად. მუხთარლის პროკურატურაში დღეს კიდევ ერთხელ გამოკითხავენ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კიდევ ერთხელ მოითხოვს მისი საქმის გამოძიებას და საქართველოს შს მინისტრის გადადგომას, იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.   

მუხთარლიმ დაასახელა იმ აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის გვარიც, ვინც მისივე თქმით, უთხრა, რომ ქართულ მხარეს მოტაცებისთვის ქრთამი გადაუხადეს.  როგორც მუხთარლი ამბობს, ეს იყო მინსალე საიდოვი, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე.

"სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ჩემს მოტაცებაში მონაწილეობდა ბიძინა ივანიშვილი და შინაგან საქმეთა ამჟამინდელი მინისტრი. ჩვენ მოვითხოვთ პროკურატურისგან, რომ მათგან აიღონ ჩვენებები. გარდა ამისა, მოვითხოვთ პრემიერმინისტრისგან და პარლამენტისგან, რომ შს მინისტრი გადადგეს, რათა გამოძიებაზე ზეწოლა არ მოახდინოს. ხვალ ან ზეგ მე ოფიციალურად მივმართავ პრემიერმინისტრსა და პარლამენტს, ასევე ოპოზიციურ ფრაქციებს პარლამენტში. 

მოტაცებამდე ათი დღით ადრე მე ინტერვიუ მივეცი ამერიკის ხმას. მე იქ ვთქვი, რომ მქონდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ივანიშვილი აპირებდა ჩემს დაპატიმრებას და აზერბაიჯანისთვის გადაცემას. თუმცა, მე არ ველოდი, რომ ასე მომიტაცებდნენ. მეგონა, დამაპატიმრებდნენ, მერე სასამართლო იქნებოდა და იურიდიული პროცედურების დაცვით გადამაგზავნიდნენ აზერბაიჯანში. 

აზერბაიჯანში ყოფნისას პირველივე განცხადებაში ვთქვი, რომ ჩემი მოტაცების უკან დგას ივანიშვილი და მაშინდელი პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი. ჩემს მოტაცებაში მონაწილეობდა კრიმინალური პოლიცია და აზერბაიჯანში გადამიყვანეს ლაგოდეხის რაიონში მდებარე საბაჟო პუნქტიდან. ივანიშვილის ნებართვის გარეშე ოთხი სახელმწიფო უწყება ვერ მოიტაცებდა ქალაქის ცენტრიდან ასევ ვერავის, არა მხოლოდ ჟურნალისტს, არამედ ნებისმიერ ადამიანს. ამას სჭირდებოდა ბრძანება უმაღლეს დონეზე და ეს ბრძანება სწორედ ივანიშვილმა გასცა. იქ იყო ჩარეული სპეცსამსახურები, კრიმინალური პოლიცია, მესაზღვრეები და საბაჟო. აზერბაიჯანის მხრიდან კი ჩარეული იყო სასაზღვრო დეპარტამენტი, ასევე პირადად ალიევი და სპეცსამსახურები. 

თქვენმა პროკურორმა განაცხადა, რომ მე საჯაროდ ერთს ვამბობ და ჩვენებებში მეორეს. ასე არ არის. მათ თავად მითხრეს, რომ სახელები და გვარები არ დამესახელებინა, ახლა კი დავასახელებ, ვინ მითხრა, რომ ქართულ მხარეს ქრთამი მისცეს. ეს იყო მინსალე საიდოვი, აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. მის გარდა კიდევ სხვებმაც მითხრეს, რომ აზერბაიჯანში ყველაზე ძვირადღირებული პატიმარი ვიყავი, რადგან ქართულ მხარეს ჩემში 3 მილიონი დოლარი გადაუხადეს. ჩვენ ადრე გვქონდა ეროვნული უშიშროების სამსახური, რომლის რამდენიმე გენერალი დააპატიმრეს. 10 გენერალი იყო და ერთ-ერთი, აგიფ ჩოვდაროვი, რომელსაც ბრალად ედებოდა, რომ კონტრდაზვერვის ფული გაფლანგა საქართველოს ტერიტორიაზე. მან სასამართლოზე განაცხადა, მე რომ ახლა ვთქვა, რაში დავხარჯე 10 მილიონი დოლარი, შეიძლება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ომი დაიწყოსო. ამას ვერ ვიტყვიო, უბრალოდ ფული მივეცით დეპუტატებს, რომლებიც ამოვირჩიეთო. ამის შემდეგ მისი სასამართლო დახურეს, რამდენიმე ხანი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა სხდომები და მერე ამ გენერალს ბრალდებები მოუხსნეს." თქვა აფგან მუხთარლიმ თბილისში, ადვოკატებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი საქართველოდან 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს, რის შემდეგაც აზერბაიჯანში, 30 მაისს დააპატიმრეს. მუხთარლი წლებია ითხოვს საქართველოდან მისი გატაცების სრულყოფილად გამოძიებას და ამტკიცებს, რომ ამ სპეცოპერაციაში პირად იყვნენ ჩართული გავლენიანი ქართველი მაღალჩინოსნები. 

მუხთარლი ამჟამად პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ევროპაში ცხოვრობს. გოგაშვილის აღიარების შემდეგ ის თბილისში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა და მთავარ საგამოძიებო უწყებას მიმართავს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი