
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, დღეიდან, 28 სექტემბრიდან, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. ინფორმაცია ამის შესახებ ხელისუფლების ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
განცხადების თანახმად, ლატვია-რუსეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა სამი თვის განმავლობაში იმოქმედებს. 2022 წლის 28 სექტემბერს საგანგებო მდგომარეობა ცხადდება ალუკსნეს, ბალვასა და ლუძას რაიონების ტერიტორიაზე, ასევე პორტებში, აეროპორტებში, აეროპორტის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსა და რკინიგზაზე.
"ამჟამად ლატვიისა და რუსეთის საზღვარზე ვითარება სტაბილურია, მშვიდი და მკაცრი კონტროლის ქვეშ, თუმცა, რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის მოქალაქეების რიცხვი, რომელთაც სურთ თავიანთი ქვეყნის დატოვება. ამრიგად, არსებობს რისკი, რომ არალეგალური მიგრანტების რიცხვი სწრაფად გაიზარდოს ლატვია-რუსეთის საზღვარზეც. გადაუდებელი ზომების მიზანია ამისთვის წინასწარი მომზადება"- ნათქვამია განცხადებაში.
შინაგან საქმეთა მინისტრი, კრისტაპს ეკლონსი აღნიშნავს, რომ "ჩვენ წინასწარ უნდა მივიღოთ სიფრთხილის ზომები, არ დაველოდოთ სიტუაციის ესკალაციას“
ცნობისთვის, ლატვიის ხელისუფლების ცნობით,19 სექტემბრიდან ამ დრომდე რუსეთის 57 მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი. რუსეთის არც ერთი მოქალაქე არ კვეთს ლატვიის საზღვარს როგორც ტურისტი. იმ პირთა დიაპაზონი, რომლებსაც უფლება აქვთ გადაკვეთონ ევროკავშირის გარე საზღვარი გამონაკლისის სახით, განისაზღვრება რეგიონის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ მიღწეული შეთანხმების შესაბამისად და ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით.