
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი წითელ მოედანზე გამართულ მიტინგ-კონცერტზე სიტყვით გამოვიდა. კონცერტი ე.წ. რეფერენდუმების შედეგების აღსანიშნად გაიმართა, რომლის საფუძველზეც რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია გამოაცხადა.
ოკუპანტი ქვეყნის მედია წერს, რომ პუტინმა შეთანხმებების ხელმოწერის დღეს ისტორიული უწოდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთმა ამ რეგიონების მცხოვრებლებს არჩევანის უფლება მისცა და მათაც გააკეთეს.
„ათწლეულების განმავლობაში ცდილობდნენ ამ ხალხისგან ისტორიული ცნობიერების მოსპობას, ტრადიციების განადგურებას, მშობლიურ ენაზე ლაპარაკის აკრძალვას, კულტურის აკრძალვას - არაფერი გამოუვიდათ, - თქვა პუტინმა.
პუტინის ინტერპრეტაციით, ახალ ტერიტორიებთან შეერთებით რუსეთი არა მარტო კარებს, არამედ გულსაც ხსნის.
გარდა ამისა, პუტინმა ხაზი გაუსვა ამ ნაბიჯის მნიშვნელობას რუსეთისთვისაც. მისი თქმით, ქვეყანამ ხერსონის, ზაპოროჟიეს და დონბასის შეერთებით კიდევ უფრო დიდი ძალა შეიერთა.