
ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი სერგეი რიაბოკონი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ორშაბათს სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ რიაბოკონს, ვილნიუსში რუსეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს, მიეცა ხუთი დღე ქვეყნის დასატოვებლად.
უწყება ამბობს, რომ დიპლომატის ბოლო ქმედებები და განცხადებები "შეუთავსებელი იყო მის დიპლომატიურ სტატუსთან" და მიიჩნევა მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად.
"ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე კატეგორიულად გააპროტესტა რუსეთის პრეზიდენტის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის რეგიონების უკანონო ანექსიის შესახებ, რომელთა ნაწილები დროებით რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული", - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო ამბობს, რომ დიპლომატმა ვენის კონვენცია დაარღვია.
გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს პოლონეთშიც. უწყების წარმომადგენლის, ლუკაშ იასინის თქმით, პოლონეთმა მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარი პოზიცია, რომ ვარშავა რუსეთის ქმედებებს არ აღიარებს.
რუსეთის ელჩები დაიბარეს იტალიის, გერმანიის, ავსტრიის, დანიისა და ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტროებშიც, სადაც მათ განუმარტეს, რომ აღნიშნული ქვეყნები არ აღიარებენ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიას.