
რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი" იტყობინება, რომ ახლა 4 ბორანი გადის მარშრუტს ქერჩის სრუტის გავლით რუსეთსა და ყირიმს შორის. ბორნები ყოველ ორ საათში ერთხელ გადიან, დაბრუნების გზას კი ოთხი საათი სჭირდება.
ბორანი ჩაანაცვლებს ქერჩის ხიდის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზს, რომელიც აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩაინგრა. 10 ოქტომბერს ნაშუადღევს ქერჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სვიატოსლავ ბრუსაკოვმა განაცხადა, რომ ყირიმში გადასასვლელს 650-ზე მეტი სატვირთო მანქანა ელოდა.
ცნობისთვის, ქერჩის ხიდი ანექსირებულ ყირიმს რუსეთთან აკავშირებდა. ის პუტინის ბრძნებით აშენდა და მთავარი გზა იყო უკრაინაში რუსი ჯარისკაცებისთვის სამხედრო აღჭურვილობის და სხვა საჭირო ნივთების მისაწოდებლად, ასევე ცოცხალი ძალის გადასაყვანად.