ოკუპანტების მტკიცებით, ყირიმის ხიდზე აფეთქებული სატვირთო მანქანა რუსეთში ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით ჩავიდა.
ამის შესახებ პუტინთან შეხვედრაზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ბასტრიკინმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე დავადგინეთ სატვირთო მანქანის მარშრუტი, სადაც აფეთქება მოხდა. ეს არის ბულგარეთი, ეს არის საქართველო, ეს არის სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის ტერიტორია“, - განაცხადა ბასტრიკინმა.
გამოცემა Эхо Кавказа წერს, რომ ამ პრეზენტაციაში მარშრუტი უცნაურად გამოიყურება: "მაგალითად, ბულგარეთიდან საქართველოში, ვითომ თურქეთის გავლით უნდა ჩასულიყო. ასევე გაურკვეველია, როგორ შეიძლებოდა სატვირთო მანქანა სომხეთიდან, რომელიც რუსეთს არ ესაზღვრება, რუსეთის ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩასულიყო" - წერს გამოცემა.