თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა.
მერის თქმით, პროექტის საგანმანათლებლო-სააღმზრდელო მიმართულებას ორგანიზაცია Save the Children უხელმძღვანელებს, ხოლო თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საგანმანათლებლო სივრცის მოწყობას, კომუნალური ხარჯების დაფარვასა და ბენეფიციართა კვებას უზრუნველყოფს.
"თბილისის მერია დედაქალაქში მცხოვრები უკრაინელი ბავშვებისთვის კიდევ ერთ ჰუმანიტარულ პროექტს უცხადებს მხარდაჭერას - თბილისის საბავშვო ბაგა- ბაღების მართვის სააგენტოსა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის თანამშრომლობით, სასკოლო მზაობის ასაკის 30 უკრაინელი ბავშვისთვის თბილისის N93 საბავშვო ბაღში კიდევ ერთი „საბავშვო სივრცე“ მოეწყობა. იცით, რომ ჩვენ ამ პროგრამას მხარს ვუჭერთ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა და ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ", - თქვა კახი კალაძემ.
მისი თქმით, ორგანიზაცია Save the Children უკრაინელ აღმზრდელ-პედაგოგებს, ფსიქოლოგებსა და სპეცპედაგოგებს მოიწვევს, დაიქირავებს ტექნიკურ პერსონალს, შეადგენს სასწავლო გეგმას და ა.შ.