
რუსეთთან პატიმრების მორიგი გაცვლის დროს უკრაინამ 20 ადამიანი დააბრუნა. რუსეთში ასევე 20 ადამიანი დაბრუნდა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელის ანდრიი ერმაკის განცხადებით, მათ შორის არიან სამხედროები, რომლებიც ილენოვკას კოლონიაში, ასევე ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ.
ახლა ისინი ყველა სამედიცინო შემოწმებას გადიან.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ომის დაწყებიდან მეორედ გაასაჯაროვა უკრაინასთან ტყვეების გაცვლის დეტალები და განაცხადა, რომ რუსეთში 20 ადამიანი დაბრუნდა.