ომის კვლევის ინსტიტუტი (ISW) ყოველდღიურ მიმოხილვაში ორშაბათს კიევში მომხდარ თავდასხმებს განიხილავს.
ანალიტიკოსები წერენ, რომ 17 ოქტომბერს დრონებით განხორციელებული თავდასხმა კიევის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურებზე რუსეთის ფართო სტრატეგიაა, რომლითაც კრემლი უპირატესობას ანიჭებს უკრაინაზე ფსიქოლოგიურ ტერორს, ვიდრე ბრძოლის ველზე ხელშესახები ეფექტის მიღწევას.
გარდა ამისა, ინსტიტუტი ბელგოროდის სამხედრო ნაწილში სროლასაც გამოეხმაურა. ISW წერს, რომ სროლა, სავარაუდოდ, მობილიზებულ სამხედრო პერსონალს შორის კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ინსტიტუტის თქმით, რუსული საინფორმაციო სივრცე ინციდენტს მაშინვე გამოეხმაურა ცენტრალური აზიელების წინააღმდეგ რასისტული რიტორიკით და რუსეთში სავიზო რეჟიმის შემოღებისკენ მოუწოდა. ISW-ის ცნობით, ბელგოროდის რეგიონში სროლის შემდეგ რუსეთის სამოქალაქო ომის შესახებ დისკუსიებმა შეიძლება კიდევ უფრო შეარყიოს კრემლის პრეტენზიები რუსეთის შიგნით ეროვნულ, ეთნიკურ და რელიგიურ ერთიანობაზე.
გარდა ამისა, მიმოხილვაში ნათქვამია, რომ ვაგნერის დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერის ჯგუფთან დაკავშირებული სოციალური მედია სულ უფრო ხშირად საუბრობს რუსული სამხედრო ინსტიტუტების არაეფექტურობაზე და სოციალურ პრობლემებზე, რამაც ანალიტიკოსების აზრით, შესაძლოა შეარყიოს კრემლის ძალა. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი პირდაპირ არ ეწინააღმდეგება და არ აკრიტიკებს პუტინს, მისმა მზარდმა ცნობადობამ ნაციონალისტურ საზოგადოებაში, შესაძლოა, შეარყიოს პუტინის "ძლიერი კაცის" რეპუტაცია.