პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციაში მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერზე ამბობს, რომ ეს თავდასხმაა ქართულ სახელმწიფოზე.
"რაც შეეხება რეზოლუციას, მე გეტყვით ჩემ პირად პოზიციას, რეზოლუციაში, რომელშიც ჩაიწერება, რომ ადამიანი, რომელმაც სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, ადამიანი, რომელმაც პარლამენტის წევრი აცემინა, ეს ადამიანი არის ვითომ პუტინის პატიმარი, ეს არის პირდაპირ თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რა თქმა უნდა, ასეთ რეზოლუციას არანაირი მხარდაჭერა ჩემი მხრიდან არ ექნება", - თქვა პაპუაშვილმა.
მისი განცხადებით, რა ტექსტიც არ უნდა იყოს, როდესაც ქართულ სახელმწიფოზე ხდება თავდასხმა, ამას "ქართული ოცნება" მხარს არ დაუჭერს.
შეგახსენებთ, PACE-ის რეზოლუციას, რომელიც რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას გულისხმობს, "ოცნებამ" მხარი არ დაუჭირა. მმართველი პარტიის წევრები კენჭისყრას არ დასწრებიან. მიზეზი მიხეილ სააკაშვილის შესახებ ჩანაწერია, სადაც ის პუტინის პატიმრადაა მოხსენიებული რუს ოპოზიციონერ კარა-მურზასთან ერთად.