უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრო კულება უკრაინის პრეზიდენტს ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას სთავაზობს - „თეირანს ეკისრება სრული პასუხისმგებლობას უკრაინასთან ურთიერთობების დანგრევაზე" - ამბობს კულება.
მისი თქმით, სწორედ ირანული უპილოტო დრონებით ბომბავს რუსეთი უკრაინას, მის კრიტიკულად საჭირო ინფრასტრუქტურულ და ენერგოობიექტებს, რასაც უკრაინელების სიცოცხლე ეწირება.
"ირანის მიერ, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების შესაძლო გაგრძელების თაობაზე, უკრაინის პრეზიდენტს განსახილველად ვთავაზობ წინადადებას ირანთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ.
ჩვენ არასდროს დაგვიჭერია ანტიირანული პოზიცია, მაგრამ მას შემდეგ, რაც ირანი ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის დანაშაულისა და აგრესიის თანამონაწილე გახდა, ჩვენ ძალიან მკაფიო პოზიცია დავიჭერთ. თუ ირანი შეწყვეტს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდებას, ვისაუბრებთ ურთიერთობების აღდგენაზე“, ხაზგასმით აღნიშნა კულებამ.
ირანის როლი რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ:
აგვისტოს შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაციამ ირანისგან ათასი კამიკაძე დრონი შეიძინა. ოფიციალურად, ირანი ამ ფაქტს უარყოფს.
ამ ფონზე, უკრაინამ ისრაელს სთხოვა, ეცნობებინა დაზვერვის მონაცემები ირანის მიერ რუსეთისთვის გაწეული სამხედრო მხარდაჭერის თაობაზე.
უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთმა ირანს სულ 2400 უპილოტო თვითმფრინავი შეუკვეთა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პირველი ირანული დრონი 13 სექტემბერს, ხარკოვის რეგიონში ჩამოაგდეს. 23 სექტემბერს უკრაინულმა საზენიტო სისტემამ ჩამოაგდო დრონი Mohajer-6.
10 და 11 ოქტომბერს რუსეთმა მასიურად შეუტია უკრაინას და სხვადასხვა ტიპის რაკეტების გარდა გამოიყენა კამიკაძე დრონებიც, რომლითაც იერიში მიიტანა კრივი რიჰში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ხოლო ვინიცაში თბოელექტროსადგურზე.
14 ოქტომბერს, უკრაინის დამცველთა დღეს, მოხალისეების ინიციატივით, შეიქმნა ფონდი და დაიწყო თანხის შეგროვება Shakhedov Hunter-ის შესაძენად. ეს არის დრონების საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც დაეხმარება უკრაინას მტრის უპილოტო საჰაერო ხომალდების განადგურებაში.
ორ დღეზე ნაკლებ დროში, უკრაინელებმა 150 მილიონ გრივნაზე მეტუი შეაგროვეს.