რუსებს საქართველოს რამდენიმე რეგიონში მოსახლეობის შემადგენლობის შეცვლა და შემდეგ ფსევდორეფერენდუმის ჩატარებაც კი შეუძლიათ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
მან რუსების მასობრივ შემოდინებას საქართველოში, პრორუსული ხელისუფლების არსებობის პირობებში, კატასტროფა უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველოს დღევანდელმა მმართველმა ძალამ დაანგრია ყველაფერი, რაც შექმნა მიხეილ სააკაშვილმა:
საქართველოში 300 ათასი რუსის ყოფნა კატასტროფაა, მითუმეტეს პრორუსული იდეოლოგიის მატარებელი ხელისუფლების გათვალისწინებით, რომელსაც გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია და რომელმაც დაანგრია ყველაფერი რაც კი სააკაშვილმა შექმნა. პოლიცია ისევ კორუმპირებულია და ისევ ყველაფერი იყიდება. ამას თავად ქართველები ამბობენ. ეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის დიდი პრობლემაა. წარმომიდგენია როგორ იგლეჯენ თმას ისინი ვინც სპეცსამსახურებსა და მთავრობაში მუშაობენ და პატრიოტულად განწყობილები არიან, რათა ეს პრობლემები მოაგვარონ. ჩვენ მოვახდენთ იქ ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა...მოკლედ ყველას გადარჩენა. ეს კარგი ისტორიაა, რადგან მილიონი ჩვენი ომგამოვლილი ბიჭისა და გოგოსთვის უახლოეს მომავალში პოსტსაბჭოთა სივრცეში სამუშაო ყოველთვის მოიძებნება. ვგულისხმობ მშვიდობისმყოფელებს, სტაბილიზაციურ ოპერაციებს, ჰუმანიტარულ ოპერაციებსა და ა.შ. ეს ყველაფერი ხომ როგორღაც წესრიგში იქნება მოსაყვანი…." ამბობს არესტოვიჩი.