ხორვატიის დედაქალაქში მიმდინარე ყირიმის პლატფორმაზე სიტყვით უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა. ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, დღევანდელი სამიტი ყირიმის დეოკუპაციის დასაწყისია.
ოფიციალური კიევის ლიდერმა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერასაც ხაზი გაუსვა და აღნიშნა რომ მათი დახმარებით ყირიმში უკრაინული დროშა ისევ აფრიალდება.
"დიდი მადლობა უკრაინის დასავლელ პარტნიორებს მხარდაჭერისთვის. დღევანდელი სამიტის ჩატარება უკრაინასა და უკრაინულ ყირიმში მშვიდობის დამყარებას ნიშნავს. ეს ასევე ეხება ევროპის კონტინენტს. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ყირიმიდან დაიწყო. 8 წლის წინ ეს მზადება იყო რომელიც ფართომასშტაბიან ომს მოასწავებდა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია შიმშილის, შანტაჟისა და დაშინების დასაწყისი იყო. რუსეთმა მიტაცებული ტერიტორიების შესანარჩუნებლად მსოფლიოს ბირთვული შანტაჟი დაიწყო. ჩვენ ერთიანები ვართ რათა რუსეთის მიერ დათესილი ქაოსი შევაჩეროთ. ყირიმის ოკუპაცია დროებითია. უკრაინული დროშა მის კანონიერ ადგილს დაუბრუნდება. ეს იქნება ყირიმის ქალაქები და სოფლები. როდესაც ეს მოხდება - იქ მცხოვრები ადამიანები დაინახავენ, რომ მსოფლიო მათ გვერდით დგას. ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ გამოწვევას რომელიც ყირიმის ოკუპაციამ გამოიწვია. ყირიმში ეთნიკური და რელიგიური წმენდა მიმდინარეობს. გასული წლებისა და იმ ტერორის შემდეგ რაც ყირიმმა და ყირიმელებმა გადაიტანეს, რეინტეგრაცია რთული იქნება, თუმცა პარტნიორების მხარდაჭერით ამას შევძლებთ. ყირიმი უკრაინას დაუბრუნდება და ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ამ მიზანს ყოველდღიურად ვუახლოვდებით." თქვა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ზაგრებში მიმდინარე სამიტს 50 ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის, იაპონიის, თურქეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან. ხორვატიის დედაქალაქში ჩავიდა შტატების წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსიც.