
უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსეი რეზნიკოვი აცხადებს, რომ დნეპრის ყველა ხიდს აკონტროლებენ ხერსონის მიმართულებით და მტერს გაქცევის საშუალება არ აქვს. მისი თქმით, უკრაინისთვის პრიორიტეტული საჰაერო თავდაცვითი სისტემების, ასევე პატარა, საშუალო და შორი დისტანციის რაკეტების მიღებაა.
"ომის დაწყების შემდეგ პირველი გეგმა მტრის შეჩერება იყო. ეს მოვახერხეთ. ამასთან ვიზრუნეთ ფრონტის ხაზზე უპირატესობის მოპოვებასა და კონტრშეტევების დაწყებაზე. პირველი მიმართულება ხარკოვის ოლქი იყო, შემდეგ სამხრეთ მიმართულებაზე ვიზრუნეთ და გეგმას ვასრულებთ. ტაქტიკურად ვმოქმედებთ და ოკუპირებულ ტერიტორიებს ნაბიჯ-ნაბიჯ ვათავისუფლებთ. არ მჯერა რომ რუსები ქუჩის ბრძოლებზე გადავლენ, რადგან უპირატესობას ვერ მოიპოვებენ. ამასთან ვაკონტროლებთ დნეპრის ყველა ხიდს ხერსონის მიმართულებით. მტერს გაქცევის საშუალება არ აქვს", - თქვა რეზნიკოვმა.
მისი განცხადებით, ბრძოლის ველზე განცდილი წარუმატებლობის პარალელურად რუსეთი ცდილობს უკრაინის წინააღმდეგ ბინძური საინფორმაციო პროპაგანდა აწარმოოს და ქვეყნისთვის იარაღის მიწოდება შეაჩეროს.
მინისტრმა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზეც ისაუბრა:
"არ მჯერა რომ რუსეთი ატომურ ბომბს გამოიყენებს - ეს შანტაჟის მორიგი მცდელობაა. თუმცა თუ გამოიყენებენ, ეს პუტინის რეჟიმის დასასრული იქნება".
ინტერვიუში ის მოლაპარაკების საკითხს შეეხო და თქვა, რომ პოზიცია მკაფიოა - "უკრაინა კრემლის მოქმედ რეჟიმთან მოლაპარაკებების მაგიდაზე არ დაჯდება", რადგან მათ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეს.