სპორტულ ცენტრ "იმედის" მწვრთნელი მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსს პასუხობს და ამბობს, რომ ალერგიული არაა. მისი თქმით, აუზზე არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ ორჯერ მერიაში თავად მივიდა, მესამედ თან 59 მშობლის ხელმოწერით წერილიც მიიტანა, თუმცა მერს ვერ შეხვდა.
"მთავარ არხთან" საუბარში მწვრთნელი ამბობს, რომ დღესაც მზადაა საკითხზე სასაუბროდ მერს შეხვდეს და რეალური პრობლემა აუხსნას.
"არ ვარ ალერგიული, ალერგიის ფონი დამეწყო ზუსტად, რომ მოვიწამლე "იმედის" აუზზე პირველად, შემდეგ მეორედ და მაქვს ქლორზე უკვე რეაქციები. როგორც ექნებათ ამ ბავშვებს, რომლებიც მოიწამლნენ. უფრო მეტად აღიქვამენ ამის შემდეგ. ეს ძალან დიდი ტყუილია ირაკლი გვილავასი, რომ ვარ ალერგიული და ამით უნდა თავი გაიმართლოს. ძალიან ვარ შეურაცხყოფილი, მე და ჩემი მშობლები გამოდის, რომ ვართ მატყუარები. [...] ვითხოვდი 10 წუთი კალაძესთან შეხვედრას, ეს ყველაფერი იქვე მოგვარდებოდა, 59 მშობლის ხელმოწერაა მერიაში შეტანილი კალაძესთან შეხვედრაზე. ჯერ კალაძემ გადაამოწმოს და მერე თქვას, ეს თუ ცრუ ინფორმაციაა, წყლის მომვლელი დაიბარონ, ტელეფონები გადაამოწმონ, რომ ველაპრაკე და მითხრა, რომ დაუტოვა ლაშა ბრეგვაძეს ქლორი, დავიწყდა და მერე ჩაყარა, დაუტოვა ცოტნეს - ადმინისტრატორს და მერე ჩაყარა, ექიმმა ჩემ თვალწინ ჩაყარა ხალხო", - ამბობს მწვრთნელი.
"მთავარ არხთან" ერთ-ერთი მშობელიც ადასტურებს, რომ მისი შვილი მოიწამლა:
"მყავდა პედიატრთან და მივიღეთ ზომები, ანალიზები გავაკეთეთ, დაუდგინდა, რომ იყო მსუბუქი ინტოქისკაცია, გამოხატული ძილიანობით, მუცლის ტკივილითა და გულის რევით".
ამ თემაზე დღეს მერმა, კახი კალაძემაც ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსლეში გავრცელებული ვიდეო აუზიდან, ზაფხულშია გადაღებული და იქ თანამშრომელი წყალში ქლორს კი არ ამატებს, სინჯს იღებს. მისივე განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ აუზში ყველაფერი ნორმაშია. კალაძე ამბობს, რომ მწვრთნელებმა მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელეს. მისივე აზრით, მედიამ თემის გაშუქება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას დაამთხვია, მანიპულირებისთვის.
სპორტულ ცენტრ "იმედის" ერთ-ერთი მწვრთნელი ამბობს, რომ მერიას საკითხე ორჯერ მიმართა და აქვს 59 მშობლის ხელმოწერა. მისი თქმით, კალაძემდე "არ მიუშვეს", საკითხზე ინფორმირებული იყო გამგეობაც.