
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური, რამზან კადიროვი ამბობს, რომ ამ კვირის დასაწყისში, უკრაინელმა სამხედროებმა, ხერსონის ოლქში ჩეჩნური ქვედანაყოფის წევრები გაანადგურეს.
კადიროვის ინფორმაციით, მოკლულია 23 და დაჭრილია 58 მებრძოლი.
"ბევრმა იცის, რომ ამ კვირის დასაწყისში ერთ-ერთი ჩეჩნური შენაერთი დაბომბვის ქვეშ მოექცა. ეს ხერსონის რაიონში მოხდა. ადგილზე ყველა სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო სია არსებობს. დაიღუპა 23 და დაიჭრა 58 ჯარისკაცი. მათგან ოთხი მძიმედ დაშავდა. სხვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იმ დღეს დიდი დანაკარგი გვქონდა" - წერს კადიროვი.
შეგახსენებთ, რომ "კადიროველების" განადგურების შესახებ ინფორმაცია 24 ოქტომბერს გავრცელდა, როგორც უკრაინულ ისე რუსულ ტელეგრამ არხებზე. რუსული წყაროების მიხედვით, დაიღუპა 40 ჩეჩენი, ხოლო უკრაინული არხების ინფორმაციით, 50-დან 100-მდე.