სააპელაციო სასამართლოში მთავარი არხის გენერალური დირექტორის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები იკრიბებიან. ნიკა გვარამიას მეუღლე, სოფო ლილუაშვილი მოლოდინებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ მოსამართლეებმა გადაწყვეტილება თავისი სინდისიდან გამომდინარე უნდა მიიღონ.
"ფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგანან მოსამართლეები, როგორც ნიკამ თავის საბოლოო სიტყვაში თქვა, ჩვენ ყველანი ვეძებთ სამართალს და მგონია, თუ მოსამართლეები თავის სინდისს დაეკითხებიან, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა მე კონკრეტული მოლოდინი არ მაქვს, რადგან არ ვიცი რამდენად ჩახედეს მათ თავიანთ სინდისს. ნიკა დღეს ციხეში ზის მხოლოდ იმიტომ რომ იცავს თავისი ქვეყნის ხალხის უფლებებს, იბრძვის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და თუ მოსამართლეები დღეს ნიკა შეუერთდებიან ამ ბრძოლაში, ძალიან გამიხარდება და დიდ მადლობას მოვუხდი, ასე რომ მხოლოდ წინ, საბოლოო გამარჯვებამდე", - თქვა სოფო ლილუაშვილმა.
ნიკა გვარამიას განაჩენს სასამართლო 11:00 საათზე გამოაცხადებს.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა 16 მაისს შეუფარდა. მას პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის "კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობით გამოყენებას".
ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის'' მიერ სასამართლოდან გამოთხოვილი ინფორმაციით დადგინდა, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ამ მუხლით პატიმრობა არავისთვის აქვთ მისჯილი.