
უკრაინამ ლიეტუვისგან 13 გენერატორი მიიღო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
გენერატორები დიპლომატიური მისიის მიერ ინიცირებული AŠ ESU UKRAINA-ს კამპანიის ფარგლებში შეგროვებული თანხებით შეიძინეს.
"ჩვენი ლიტველი მეგობრების წარმოუდგენელი დახმარების წყალობით, ჩვენ უკვე ვემზადებით მეორე ტვირთის გამოგზავნას ენერგეტიკული სისტემის აღსადგენად, რათა უკრაინელების სახლებს ჰქონდეს სინათლე, სითბო და წყალი. ყოველი წვლილი ნამდვილად თბილი ჩახუტებაა უკრაინელებისთვის." - აღნიშნავს უკრაინის საელჩო ლიტვაში.
ცნობისთვის, 20 ოქტომბერს უკრაინამ რუსეთის ფედერაციის დარტყმების შემდეგ ევროკავშირს და ნატოს ენერგოტექნიკით დახმარება სთხოვა, ამის შემდეგ კი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ კიევი აწარმოებს დიალოგს პარტნიორებთან რუსული დაბომბვის შემდეგ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენის დახმარებაზე და უკვე არსებობს შეთანხმებები 12 ქვეყანასთან.