რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, პატრუშევი ირანშია - ISW 

გამოქვეყნდა:

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) მოხსენების თანახმად, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, ნიკოლაი პატრუშევი ირანში ჩავიდა. ქვეყანაში ვიზიტის შესახებ ცნობები ირანულ მედიაში ვრცელდება.

ორგანიზაციის ექსპერტების თქმით, მისი მოგზაურობის სავარაუდო მიზანია „რუსეთისთვის ირანული ბალისტიკური რაკეტების სავარაუდო მიყიდვაზე მსჯელობა“.

პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Nour ავრცელებს, რომლის თანახმად, ის ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანმა ალი შამხანმა მიიწვია. ვიზიტის მიზნის შესახებ სააგენტო წერს, რომ ის რუსეთ-ირანის თანამშრომლობის განსახილველად ჩავიდა.

რუსულ უწყებებს პატრუშევის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებიათ. 

ISW-ის ანგარიშის ავტორების თქმით, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ გაასაჯაროვა პატრუშევის ჩასვლა ირანში, რათა სავარაუდოდ, საერთაშორისო (არა შიდა) აუდიტორიისთვის ეჩვენებინა მოსკოვსა და თეირანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და ასევე მიენიშნებინა, რომ რუსი მაღალჩინოსანი უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით დახმარებისთვის ირანს მიმართავს ირანს.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას ირანი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ რუსეთს ამარაგებს კამიკაძე დრონებით, რომლებსაც რუსული არმია, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასობრივი დარტყმებისთვის იყენებს. ამასთან, თეირანი ირწმუნება, რომ ეს თვითმფრინავები რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყებამდე იყო მიწოდებული, მაგრამ არანაირ მტკიცებულებას არ წარადგენს. 

უკრაინის ხელისუფლება ასევე შიშობს, რომ ირანს შეუძლია რუსეთს გადასცეს საშუალო რადიუსის მიწის-ზედა რაკეტები.

ISW-ის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ „კრემლი აგრძელებს მცდელობებს ფარულად მოიპოვოს იარაღი უკრაინაში გამოსაყენებლად, რათა შეამსუბუქოს საერთაშორისო სანქციების შედეგები და ამავდროულად შიდა საბრძოლო მასალის ამოწურვის კომპენსირება შეძლოს.“

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი