ტერაქტი სტამბოლში | რა მოხდა ისტიკლალზე და რა ვითარებაა იქ ამ დროისთვის

გამოქვეყნდა:

სტამბოლში, სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა ისტიკლალის ქუჩაზე თურქეთის დროით 16:20 საათზე.

ამ დროის მონაცემებით, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 80-ს გადააჭარბა, მათგან 2-ის მდგომარეობა, ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, კრიტიკულია. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, რომელთაგან 4 ადგილზე, 2 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ცოტა ხნის წინ, თურქეთის ოჯახისა და სოციალური საკითხების მინისტრმა დერია იანიკმა Twitter-ზე დაწერა, რომ დაღუპულთა შორისაა სამინისტროს თანამშრომელი და მისი შვილი.

ცნობილია, რომ ტერაქტის გამოძიების მიზნით, 10-კაციანი საგამოძიებო სამუშაო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ცდილობს დაადგინოს, ვინ და რატომ აიფეთქა თავი ქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. გამოძიება დაიწყო პროკურატურამ, ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა კი Twitter-ზე დაწერა, რომ ეფექტური გამოძიებისთვის შექმნილ ჯგუფში 8 პროკურორი და ორი მთავარი პროკურორის მოადგილე შედის. "ინციდენტის ყველა ასპექტს საფუძვლიანად გამოვიძიებთ" - დაწერა ბექირ ბოზდაგმა. 

ვიცე-პრეზიდენტი ფუათ ოქტაი კი უკვე ოფიციალურად ადასტურებს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტი იყო, თავი კი ქალმა თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა, მასთან ერთად კი, სავარაუდოდ, კიდევ 2 კაცი იმყოფებოდა. 

ტერაქტიდან მალევე, სავარაუდო ტერორისტის ფოტო ადგილობრივმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს:

მანამდე კი, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლში მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ტერორისტულ აქტს უკავშირდებოდეს და "არის ნიშნები, რომ ტერაქტის საქმეში ქალიც ფიგურირებს".

"წინასწარი მონაცემებით, სათვალთვალო ვიდეოკამერებიდან ამოღებული კადრების გათვალისწინებით, ასევე, პირველადი ინფორმაციით, რომელიც გუბერნატორმა მოგვაწოდა, მომხდარს "ტერაქტის სუნი აქვს... არის ნიშნები, რომ საქმეში ქალიც ფიგურირებს", - განაცხადა ერდოღანმა.

მისივე თქმით, დამნაშავეები აუცილებლად სათანადოდ დაისჯებიან: "ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისი ქვედანაყოფები განაგრძობენ მუშაობას თავდასხმაში მონაწილებისა და მის უკან მყოფების გამოსავლენად. თურქეთისა და თურქი ერის ტერორიზმით დაპყრობის მცდელობები დღეს და ხვალ ვერ მიაღწევს თავის მიზანს. დარწმუნებულები იყვნენ, რომ დამნაშავეები ისე დაისჯებიან, როგორც იმსახურებენ".

აქვე, ცნობილია, რომ აფეთქების შემდეგ, თურქეთში მედიისა და სოციალური ქსელების მუშაობაზე დროებითი შეზღუდვა დაწესდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და წერს, რომ გარკვეულ მედიასაშუალებებს მაუწყებლობა დროებით საერთოდ აეკრძალა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შეიზღუდა წვდომა Instagram-ზე, Facebook-ზე, YouTube-სა და Twitter-ზე.

თურქეთში მომხდარ ტერაქტს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა: 

"დიდი მწუხარებით შევიტყვე იმის შესახებ, რომ ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ბევრი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მეგობარი თურქი ხალხის ტკივილი ჩვენი ტკივილია" - დაწერა მან Twitter-ზე.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც:

„შეძრწუნებული ვარ სტამბოლში მომხდარი აფეთქებით. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ღრმა თანაგრძნობას ვუცხადებ პრეზიდენტ ერდოღანსა და თურქეთის მოსახლეობას“ - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, აფეთქების შემდეგ საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.

„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“,- დაწერა სამინისტრომ გავრცელებულ განცხადებაში.

დღევანელმა ტერაქტმა ადგილობრივ მოსახლეობას სტამბოლში 2015-17 წლებში გახშირებული ტერორისტული თავდასხმები გაახსენა. 13 ნოემბრის აფეთქებამ სწორედ ის, სიმშვიდის ხუთწლიანი პერიოდი დაარღვია, რომელიც ქვეყანაში სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ იყო. 

2015 წლიდან 2017 წლამდე, ისლამური სახელმწიფოს და ქურთი მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმების ტალღები სამოქალაქო ტერიტორიებზე ხშირად აძრწუნებდა სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებს, რის შედეგადაც ერთდროულად ათობით ადამიანი დაიღუპა. 

ერთ-ერთი ასეთი ბოლო თავდასხმა 2017 წლის 3 იანვარს მოხდა, როცა ღამის კლუბ "რეინაში" შეიარაღებული პირი შეიჭრა და 39 ადამიანი მოკლა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი