უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიაში G20-ის სამიტზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა და თქვა, რომ ახლა დადგა დრო შეჩერდეს რუსეთის ომი უკრაინაში მის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმის მიხედვით.
ზელენსკიმ სამიტზე ვიდეოჩართვით ისაუბრა.
"დარწმუნებული ვარ, ახლა არის დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა და შეიძლება შეჩერდეს", - თქვა მან.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს "სამართლიანად და გაეროს წესდებისა და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე".
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა მსოფლიო ლიდერებს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე "რადიაციული უსაფრთხოების" აღდგენის, რუსეთის ენერგორესურსებზე ფასების შეზღუდვის შემოღების, მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივის გაფართოებისა და უკრაინელი ტყვეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
"გთხოვთ, აირჩიოთ თქვენი გზა ლიდერობისთვის - და ერთად ჩვენ აუცილებლად აღვასრულებთ მშვიდობის ფორმულას", - თქვა მან.
ცნობისთვის, 15-16 ნოემბერს ბალიზე G20-ის სამიტი იმართება. მიწვეულ ქვეყნებს შორის არის რუსეთი და უკრაინაც. ცნობილია, რომ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი.