
პენტაგონის განცხადებით, უკრაინისთვის ხერსონის გათავისუფლება მნიშვენლოვანი მიღწევა იყო, თუმცა როგორც ჩანს, რუსები არ აპირებენ დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებას. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე განაცხადა.
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მონიტორინგს, ჩვენი შეფასებით, რუსული ჯარები გადავიდნენ მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე და დაამყარეს თავდაცვითი ხაზები, რითაც უკრაინელებს დაუთმეს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ქალაქი ხერსონი", - თქვა მან.
ოფიციალური პირის თქმით, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რუსებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მათ შორის წყალმომარაგებას და სხვა კომუნალურ დაწესებულებებს.
"როგორც ჩანს, რუსები არ ტოვებენ დანარჩენ ოკუპირებულ უკრაინას და ეჭვგარეშეა, რომ ჯერ კიდევ წინ არის მძიმე ბრძოლები. მაგრამ ქალაქ ხერსონის განთავისუფლება მნიშვნელოვანი მიღწევა და
უკრაინელი ხალხისა და მათი შეიარაღებული ძალების მონდომებისა და გამძლეობის დასტურია, საკუთარი ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში", - განაცხადა მან.
პენტაგონში მიაჩნიათ, რომ ზამთრის მოახლოებასთან ერთად, შესაძლებელია უკრაინაში საომარი მოქმედებები შენელდეს.