ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის საქმე - დაკავებული პაკისტანელის ჩვენება და ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პაკისტანის მოქალაქე, რომელიც დაკავებულია, ჩვენებაში ყვება, რომ საქმეში ჩართული იყვნენ 10 ნოემბერს სუს-ის სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული პირებიც.

საუბარია ირანული ენის თარჯიმანსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავება. ბრალდებულები კი უარყოფენ.

უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ პაკისტანის მოქალაქის ჩვენება დევს და ამის საფუძველზე ბრალის დამძიმება შეუძლებელია.

"მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს მკვლელობის მომზადებაში არანაირი კავშირი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით ბრალიც არ აქვთ წარდგენილი და ვერ წარუდგენენ, რადგან ამის მტკიცებულებები არ არსებობს. რაც შეეხება პაკისტანის მოქალაქეს, რომელიც აღიარებს, რომ ებრაელი ბიზნესმენის მკვლელობა შეუკვეთეს, საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ მისი ჩვენება და არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დაუმძიმდეს ბრალი რაიმე ფორმით მკვლელობის მომზადებასთან დაკავშირებით", - თქვა სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების ადვოკატმა.

პაკისტანის მოქალაქის დაკავების შესახებ სუს-მა ინფორმაცია დღეს გაავრცელა. უწყების ცნობით, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა.

სუს განცხადებაში აღნიშნავდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. იდენტიფიცირებული არიან უცხოეთში მყოფი ორგანიზატორები, მათ შორის დადგენილი არიან მკვლელობის სავარაუდო შემკვეთი ირანის მოქალაქე და სხვა მონაწილე პირები, რომელთა მიმართ მიმდინარეობს კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.

შეგახსენებთ, ირანული ენის თარჯიმანი კი სუს-მა 10 ნოემბერს, გორის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დააკავა.

12 ნოემბერს მოსამართლემ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი