
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, მათი ექსპერტები უკვე მუშაობენ პოლნეთში, სასაზღვრო რაიონში სადაც რაკეტის ჩამოვარდნის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.
მინისტრმა Twitter-ზე დაწერა, რომ უკრაინა გააგრძელებს ღია და კონსტრუქციულ თანამშრომლობას პოლონეთთან სამშაბათს მომხდარი ინციდენტის გამო.
"მადლობელი ვარ პოლონური მხარის, რომ მათ [ექსპერტებს] წვდომა მისცეს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას ღიად და კონსტრუქციულად, როგორც ამას უახლოესი მეგობრები აკეთებენ", - წერს კულება.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მაღალი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო.
პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.