
კანადის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, კანადამ უკრაინის დასახმარებლად სახელმწიფო ობლიგაციები გამოუშვა.
"იმისთვის, რომ კანადელებს მიეცეთ საშუალება, პირდაპირ მხარი დაუჭირონ უკრაინის მამაც ხალხს, კანადის მთავრობა დღეს უშვებს „უკრაინის სუვერენიტეტის“ ობლიგაციებს 500 მილიონი დოლარის ოდენობით“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ობლიგაციების გამოშვების ინიციატივა პირველად კანადის პრემიერმინისტრმა ჯასტინ ტრუდომ გასულ თვეს, კანადის უკრაინის კონგრესის კონგრესში მონაწილეობისას გამოაცხადა.
" შეგროვებული თანხები უკრაინის მთავრობას დაეხმარება გააგრძელოს უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანი სერვისები ამ ზამთარში, პენსიების გადახდა, საწვავის შესყიდვა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა", - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ წელს, მთლიანობაში, კანადამ უკრაინას უკვე 2 მლრდ დოლარის ფინანსური დახმარება გაუწია. გარდა ამისა, კანადამ კიდევ 2,5 მლრდ დოლარი გამოყო სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარების სახით.