რა ხდება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე?

4 დღეა გრძელდება შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ტავუშისა და ტოვუზის საზღვარზე, შეტაკებებს 16 ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილებს შორის არიან აზერბაიჯანელი სამხედრო მაღალჩინოსნები, მოკლულია მშვიდობიანი მოქალაქეც. მსხვერპლია სომხეთის მხრიდანაც - 2 სამხედრო მაღალჩინოსანი. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გენერალი ფოლად ჰაშიმოვი და ილგარ მირზაიევი, 5 სამხედროსთან ერთად, სამშაბათს მოკლეს.

რა გახდა დაპირსპირების მიზეზი?

დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

თავის მხრივ, სომხური მხარე აზერბაიჯანს ადანაშაულებს, რომ მათ დრონებით იერიში სამოქალაქო ინსფრასტრუქტურაზე მიიტანეს ტუვუშის პროვინციაში.

სომხეთმა აზერბაიჯანი ასევე სამთავრობო ვებსაიტების კიბერთავდასხმაშიც დაადანაშაულა.

ოფიციალური ბაქო / ოფიციალური ერევანი:

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ პაშიანიანი აზერბაიჯანს დაპირისპირების პროვოცირებაში სდებს ბრალს; „მოგიწევთ პასუხისმგებლობის აღება სრულიად გაუთვალისწინებელ შედეგზე“ - ამბობს პაშინიანი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აზერბაიჯანის ტერიტორიების დაცვის პირობა გასცა და მომხდარი ასე შეაფასა - „სომხეთის მორიგი პროვოკაცია.“

რა მოჰყვა დაპირისპირებას:

12 ივლისს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე ბაქოს ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, მოთხოვნით, ქვეყანამ ომი დაიწყოს მეზობელ სომხეთთან. აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობაშიც შეიჭრნენ, ხელისუფლებას შეიარაღებას სთხოვენ.

ძალოვან უწყებებს დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებაც მოუწიათ.

საერთაშორისო გამოხმაურება:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გამოუქვეყნებია მეზობელ ქვეყნებს შორის არსებულ კონფლიქტზე. ოფიციალური პირებიდან მხოლოდ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა მოკლე განცხადებით, სადაც მან დაპირისპირების გამო წუხილი გამოთქვა.

თურქეთი, რომელსაც მჭიდრო ეთნიკური და კულტურული კავშირები აქვს აზერბაიჯანთან, ოფიციალურ ბაქოს მხარს უჭერს მიმდინარე კონფლიქტში.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, მოსკოვი შეშფოთებულია არსებული დაპირისპირების გამო და ამასთან, რუსეთი მზადყოფნას გამოთქვამს მედიატორის როლი შეასრულოს დაპირისპირებულ მხარეებს შორის.

„სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა რეგიონის უსაფრთხოების საკითხს სერიოზულ საფრთხეს უქმნის“ - ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმდინარე კონფლიქტს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა: "დაჟინებით მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ არსებული კომუნიკაცია, რათა თავიდან აიცილონ სიტუაციის შემდგომი ესკალაცია და მკაცრად დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შეთნხმება".

ევროკავშირის საგარეო კომიტეტი: „სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც შეიარაღებული კონფრონტაცია დროულად უნდა შეწყვიტონ და თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რომელიც რეგიონში დაძაბულობის პროვოცირებას მოახდენს.“

გაერთიანებული სამეფოს საგარეო უწყების განცხადებაში ვკითხულობთ: „მოვუწოდებთ ორივე მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და უარი თქვან რიტორიკაზე, რომელიც დაძაბულობას გაზრდის. მიმდინარე მოვლენები რეგიონულ სტაბილურობასა და კეთილდღეობას ემუქრება. გამომდინარე აქედან, მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პატივისცემისაკენ, დიალოგისა და სიტუაციის დეესკალაციისაკენ მოვუწოდებთ.“

პრეისტორია:

სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის დაპირისპირებები არახალია; ყარაბაღის კონფლიქტის გარდა, გასული წლების ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება ორ ქვეყანას შორის 2016 წელს მოხდა, რომელიც 4 დღეს გრძელდებოდა და რასაც რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა.

ყარაბაღის კონფლიქტი კი, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოუგვარებელი პრობლემაა. ტერიტორია საერთაშორისო აღიარებების თანახმად, აზერბაიჯანს ეკუთვნის, თუმცა დღეს ეთნიკური სომხების მიერ კონტროლდება. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ქვეყნებმა ხელი 1994 წელს მოაწერეს. ამ დროისთვის ყარაბაღში სიმშვიდეა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი