
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამბობს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციით, ევროპარლამენტარები საგანგებო იურიდიული ინსტრუმენტების შექმნას, ასევე რუსეთის უფრო მეტად იზოლირებას ითხოვენ.
"ამ რეზოლუციით ჩვენ ვთხოვთ კომისიასა და საბჭოს, რომ შექმნან საგანგებო იურიდიული ინსტრუმენტები, რადგან ამჟამად ევროკავშირს არ აქვს ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვთ, მაგალითად, ამერიკელებს. მათ აქვთ სპეციალური კანონი ქვეყნის ტერორიზმის სპონსორად გამოცხადების შესახებ. ჩვენ ასევე ვამბობთ, რომ რუსეთი უნდა იქნას უფრო მეტად იზოლირებული, სანამ ასეთ ტერორისტულ ქმედებებს მიმართავს", - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა.
რეზოლუციას გამოეხმაურა ანა ფოტიგაც - მისი თქმით, დასავლეთმა არ უნდა აწარმოოს მოლაპარაკებები ან ბიზნესი ტერორისტულ სახელმწიფოსთან.
"წარსულმა და აწმყომ აჩვენა, რომ რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო, ჩვენ ამას მკაფიოდ ვამბობთ ამ რეზოლუციაში და ამას უნდა ჰქონდეს შედეგები. ტერორისტული სახელმწიფო - რუსეთი, უნდა დამარცხდეს, ჩვენ არ უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები ტერორისტებთან ან ვაკეთოთ მათთან ბიზნესი", - თქვა ანა ფოტიგამ.
ცნობისთვის, დღეს, 23 ნოემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნო.
ამავე თემაზე: