
ევროკავშირი და აშშ უახლოეს მომავალში უკრაინას ასობით გენერატორს და ტრანსფორმატორს მიაწვდიან, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას 200 საშუალო ტრანსფორმატორს, ერთ დიდ ავტოტრანსფორმატორს და 40 გენერატორს გადასცემს.
ასევე საფრანგეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას უგზავნის 100 გენერატორს 50-100 კილოვატი სიმძლავრით - ანუ თითოეულ მათგანს შეუძლია სრულად უზრუნველყოს ელექტროენერგია რამდენიმე ათეული ბინის ან სახლისთვის.
როგორც საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გენერატორები უკვე გზაშია და უახლოეს დღეებში უკრაინის ხელისუფლებას გადაეცემა.
გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების ჰუმანიტარული დახმარების სააგენტომ USAID-მა უკრაინელებს გადასცა 80 გენერატორი და 22500 პლედი.
ეს პარტია არის მხოლოდ იმ საერთო დახმარების პროგრამის ნაწილი, რომელსაც უკრაინა იღებს USAID-ის მეშვეობით.
ნოემბრის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ USAID გეგმავს 1600 გენერატორის მიწოდებას უკრაინაში.