უკრაინას შექმნილი აქვს სქემა, სადაც დანებების სურვილის შემთხვევაში, რუს სამხედროებს დაკავშირება შეუძლიათ. ამის შესახებ BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს.
უკრაინის მთავრობის განცხადებით, ისინი დღეში ჩაბარების 100-მდე მოთხოვნას იღებენ. პროექტი "მე მინდა ვიცხოვრო" სექტემბერში დაიწყო.
ცხელ ხაზზე დარეკვით ან სხვადასხვა სოციალური ქსელის, როგორიცაა Telegram ან WhatsApp-ის საშუალებით რუს ჯარისკაცებს შეუძლიათ უკრაინულ ძალებს ჩაბარდნენ.
კიევის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათ რუსი სამხედროებისა და მათი ოჯახების 3 500-ზე მეტი კონტაქტი ჰქონდათ. კონტაქტების აშკარა ზრდა მას შემდეგ შეინიშნება, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და მას შემდეგ, რაც უკრაინამ ქალაქი ხერსონი გაათავისუფლა.
სატელეფონო ზარის რამდენიმე ჩანაწერი BBC-მ მოიპოვა.
მედიის რეპორტიორები ოფისში, სადაც უკრაინელები რუსი ჯარების ზარებს იღებენ, ისინი შეხვდნენ ერთ-ერთ პირს, რომელიც ჯარისკაცებს ყოველდღიურად ესაუბრება. ის განმარტავს, რომ უმეტეს შემთხვევაში ოფისში ზარები საღამოობით, მაშინ შედის, როცა რუს ჯარებს მეტი თავისუფალი დრო აქვთ და შესაძლებლობა ეძლევათ, რომ გაიპარონ და დარეკონ.
"პირველ რიგში, ჩვენ გვესმის ხმა, რომელიც ძირითადად კაცისაა. ხშირად ის ნაწილობრივ სასოწარკვეთილი ან იმედგაცრუებულია, რადგან მათ ბოლომდე არ ესმით, როგორ მუშაობს ცხელი ხაზი ან არის თუ არა ეს მახე. ზოგი ასევე დაინტერესებულია და რეკავს არა იმისთვის, რომ დანებდეს არამედ გაიგოს, თუ როგორ შეძლებს ამას საჭიროების შემთხვევაში", - უყვება ოფისში მომუშავე BBC-ის. (მედია მის ნამდვილ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა სტატიაში მოხსენებული ჰყავს, როგორც სვეტლანა.)
სვეტლანას BBC-თან არ დაუკონკრეტებია რამდენ რუსს დაეხმარა, ან ზუსტად როგორ ხდება ეს. მისი თქმით, ისინი ჯარისკაცებს სთხოვენ გაუზიარონ მათი ლოკაცია, სანამ შემდგომ ინსტრუქციას მიიღებენ.
სვეტლანა ასევე ყვება, რომ ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი მათ პროვოცირებისთვის ურეკავს, თუმცა ის არ ფიქრობს, რომ ყველა მათგანს სჯერა კრემლის უსაფუძვლო განცხადებების შესახებ, რომ უკრაინას ნაცისტები მართავენ.
"ჩვენ ვერ განვსჯით მთელ ქვეყანას. მათ უმრავლესობა დარდობს მათ სიცოცხლეზე", - ამბობს სვეტლანა.
დანებების შემდეგ, რუს სამხედროებს ტყვეების შემდგომი გაცვლისთვის იყენებენ.
ომის კვლევის ინსტიტუტის თანახმად, გაცვლისთვის სამხედრო ტყვეები რუსეთსაც ჰყავს. BBC-ის ცნობით, ორივე მხარეს ათასობით ტყვეა, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
"განსაკუთრებული სამიზნე არიან მობილიზებულები, რომლებსაც არა მხოლოდ ბრძოლა არ შეუძლიათ, არამედ "საზარბაზნე ხორცად" არიან გამოყენებული", - თქვა სქემის ხელმძღვანელმა.
უკრაინელები ამბობენ, რომ ამ პროექტით რუსი სამხედროების სიცოცხლე გარანტირებული იქნება, თუ ისინი ნებაყოფლობით ჩაბარდებიან.