გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

გამოქვეყნდა:

გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გერმანელმა კანონმდებლებმა რეზოლუცია, რომელიც სტალინის დროს მილიონობით უკრაინელის შიმშილს გენოციდად აცხადებდა, ოთხშაბათს მიიღეს. 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ჰოლოდომორი „კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს" წარმოადგენს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ 1932-33 წლების დიდი შიმშილი, ანუ ჰოლოდომორი, უნდა „შეუერთდეს ტოტალიტარული სისტემების მიერ ჩადენილი არაადამიანური დანაშაულების სიას, რომლის დროსაც ევროპაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე განადგურდა". 

რეზოლუციაში ნათქვამია ისიც, რომ უკრაინასთან რუსეთის ომის ფონზე, აუცილებელია იმის ჩვენება, რომ ევროპაში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ჩაგვრა აღარ უნდა განმეორდეს. 

დოკუმენტს მხარი დაუჭირა კანცლერ ოლაფ შოლცის სამთავრობო კოალიციის სამმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ასევე მთავარმა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატებმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის 90 წლისთავი 26 ნოემბერს აღინიშნა. 

ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ უკრაინაში ყოველი წლის ნოემბრის მე-4 შაბათია მიჩნეული. ამ სახელით ცნობილია მასობრივი შიმშილობა, რომელიც 1932-33 წლებში მოხდა, როცა საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინის მოსახლეობას კოლექტივებში შესვლა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის დათმობა აიძულა. შედეგად, რამდენიმე მილიონი ადამიანი დაიღუპა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი