
უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ოლექსეი დანილოვის თქმით, რუსეთი არ ღირს იმად, რომ უკრაინამ მასთან მოლაპარაკებები გამართოს, რადგან რუსები ბარბაროსები და ქურდები არიან, რომლებიც მუდმივად ითხოვენ რაღაცას და გამუდმებით იპარავდნენ ვიღაცის ისტორიას.
"ისინი უბრალოდ უნდა განადგურდნენ და შეწყვიტონ არსებობა არსებულ საზღვრებში. დღეს რუსეთი არის ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის, რომლებსაც აქვთ კოლონიები. მათ გაანადგურეს უამრავი ხალხი, ენა, ტრადიცია და კულტურა. ისინი უბრალოდ ბარბაროსები არიან. რუსეთი არ ღირს იმად, რომ მასთან მოლაპარაკებები გავმართოთ.
რუსები არიან ქურდები, რომლებიც გამუდმებით იპარავდნენ ვიღაცის ისტორიას, მუდმივად ითხოვენ რაღაცას. მე ვიზიარებ აზრს, რომ პუტინი და ჰიტლერი სიამის ტყუპები არიან, იმ განსხვავებით, რომ ერთი მათგანი ცოტა მოგვიანებით დაიბადა", - თქვა დანილოვმა.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ "რუსეთს არასდროს უთხოვია რაიმე მოლაპარაკება უკრაინასთან".
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციასთან რეალური მოლაპარაკებისთვის კრემლმა რუსული ჯარები უკრაინიდან უნდა გაიყვანონ.