
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე პროგნოზირებს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შუამდგომლობას "დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს".
სარჯველაძემ კომენტარი მოსამართლე არევაძესთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც მესამე პრეზიდენტის საქმე უნდა განიხილოს:
"დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო ამ საქმის განმხილველ მოსამართლედ, აუცილებლად წინასწარ ანონსს გამოაცხადებდნენ, რადგან თვითონ იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. დიაგნოზი არ თქმულა. აი, რომ ჰქონდეს დადასტურებული კანონმდებლობით განსაზღვრული ერთ-ერთი დიაგნოზი მაინც, რომელიც იწვევს ადამიანის გათავისუფლებისთვის საფუძვლის შექმნას, ამას დაფარავდნენ, არ გაამჟღავნებდნენ, როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ ამას არ გააკეთებდნენ. იციან, რომ ასეთი არ აქვთ, წარუმატებლობისთვისაა ეს განცხადება და მოთხოვნა განწირული, მხოლოდ პიარული ფუნქცია აქვს რეალურად ამ ნაბიჯს", - განაცხადა სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმე მანამდეც განიხილა, მან წარსულში მესამე პრეზიდენტს ე.წ. შეწყალების საქმეზე 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. გარდა ამისა, არევაძემ განიხილა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეც.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით პირველ დეკემბერს მიმართა. იმავე დღეს ცენტრმა "ემპათიამ" გაავრცელა სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის წამყვანი 10 დიაგნოზი საქართველოს ციხეთა სისტემაში მის ყოფნას შეუძლებელს ხდის.
სამედიცინო დასკვნის საფუძველზე ადვოკატი ითხოვს, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, ან სასჯელის გადავადებას, რათა მიხეილ სააკაშვილმა სრულყოფილი მკურნალობა შეძლოს.