მიხეილ სააკაშვილის საკითხს დღეს საგარეოში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დავაყენებ - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრიანული მხარე შეშფოთებულია მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით. ამის შესახებ მის ციტატას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

კასიანოვმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად დააყენებს.

"პირადად მე არაერთი შეხვედრა გავმართე სამედიცინო ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელობასთან, ასევე სააკაშვილის ადვოკატებთან. 2022 წლის 2 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილს ეწვია საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირი, რის შესახებაც ოპერატიულად ვაცნობეთ უკრაინის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელობას. ამ საკითხს დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე პირადად მე დავაყენებ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინული მხარე გააგრძელებს ყველა საკონსულო და სამართლებრივი ზომის მიღებას უკრაინის მოქალაქეების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად", - განაცხადა კასიანოვმა პირველი არხის ცნობით. 

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტისთვის ამერიკელი ექსპერტების მიერ ჩატარებული კვლევების დასკვნა 2 დეკემბერს გასაჯაროვდა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.

ამ დასკვნის საფუძველზე ადვოკატები სასამართლო სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობას დააყენებენ. სხდომა მომდევნო კვირაში ჩაინიშნება. გარდა ამისა, დასკვნის ნაწილი გაასაჯაროვა ცენტრმა "ემპათიამაც", რომელიც ამბობს, რომ არაერთი დიაგნოზის გამო მიხეილ სააკაშვილის საქართველოს ციხეთა სისტემაში ყოფნა შეუძლებელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი