ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშაა - წერს Kavkaz.Realii ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
პრესსამსახური ასევე უარყოფს, პრემიერ მინისტრის, ახმედ ზაკაევის მონაწილეობას აბდურახმანოვის შესაძლო მკვლელობაში.
თუმცა, პრესსამსახურის წარმომადგენელი ვერ აკონკრეტებს, საიდან აქვს ინფორმაცია, რომ აბდურახმანოვი ცოცხალია. შვედეთის პოლიცია კი კომენტარს არ აკეთებს.
ჩეჩენი ბლოგერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსის, ტუმსო აბდურახმანოვის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 2 დეკემბერს გავრცელდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი, მისი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია აქტივისტებმა გაავრცელეს, თუმცა ოფიციალურად დადასტურებული არ ყოფილა.
ტუმსო აბდურახმანოვმა საფრთხის გამო, ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა.