
პოტსდამში მოქალაქეებთან შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ პუტინს თავის იმპერიალისტურ გეგმებზე უარის თქმა შეუძლია, ამიტომ საჭიროდ თვლის თავდაცვაში ინვესტიციების გაზრდას.
"ყოველ ჯერზე, როდესაც პუტინთან ვსაუბრობ, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობა სურს… მას უბრალოდ ძალით სურს უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დაპყრობა“, - თქვა შოლცმა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ სატელეფონო საუბარი ჰქონდა პუტინთან.
შოლცი გაკვირვებულია, რომ რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის არმიის მნიშვნელოვანი დანაკარგების ფონზე, ასეთ განცხადებებს აკეთებს. შოლცის თქმით, ომში რუსეთის დანაკარგები შესაძლოა 100 000-მდე იყოს - "ზუსტად არ ვიცით რამდენი რუსი სამხედრო დაიღუპა. შესაძლოა, 100 000" - ამბობს კანცლერი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პუტინთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, რადგან შოლცის თქმით, ასეთ მოლაპარაკებებს შეუძლია აჩვენოს, არის თუ არა კრემლში რამე ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით.