მორიგი შეტევა ლუგარის ლაბორატორიაზე. თავდასხმას მოსკოვიდან დღეს ოკუპირებული ცხინვალი შეუერთდა და ხვიჩა მღებრიშვილის გატაცების სრულიად აბსურდული ვერსია გააჟღერა. რუსეთს მიერ მართული უშიშროება ამტკიცებს, რომ დაკავებული, ცხინვალის კონტროლირებად ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა. ამ აბსურდული განცხადების არსი უფრო მეტად გასაგები ხდება, როდესაც საოკუპაციო რეჟიმი წერს, რომ ეს ღამურები საქართველოს მოქალაქეს ლუგარის ლაბორატორიისთვის 5 ათას დოლარად უნდა მიეყიდა.
ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, - ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი საქართველოში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. კელი დეგნანი ამბობს, რომ ქართული მხარე ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფორმატის აღდგენას ცდილობს, თუმცა დაბრკოლებები ისევ და ისევ რუსეთისგან მოდის.
ირონიულია, რომ რუსეთის მხრიდან ისმის ასეთი შეფასებები, როდესაც საუბარია ინციდენტების პრევენციის მექანიზმზე. საქართველოს მხარე ყველანაირად ცდილობს, რომ ეს ფორმატი აღდგეს ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა დაბრკოლება მოდის სწორედ რუსეთისგან, - ამბობს დეგნანი.
შეგახსენებთ, რომ სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი 12 დღის წინ, სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს. ოჯახისთვის გუშინ შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ ის ცხინვალში გადაიყვანეს. ოფიციალური ინფორმაცია მღებრიშვილის ნათესავებმა არ იციან. მათ არც საოკუპაციო რეჟიმი და არც საქართველოს მთავრობა დაკავშირებია.