
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, მიუხედავად სამხედრო ანალიტიკოსების ვარაუდისა, რომ ზამთრის ყინვებმა შეიძლება შეანელოს უკრაინაში ბრძოლები, აშშ-ს ამის მოლოდინი არ აქვს.
ამის შესახებ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს დონბასში, განსაკუთრებით კი ბახმუტში.
"ასე რომ არანაირი მინიშნება და ნამდვილად არანაირი მოლოდინი არ არის, რომ წლის ბოლომდე ომი დასრულდება - ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვსურს ამის ნახვა, უბრალოდ, არცერთი ინდიკატორი ამაზე არ მიუთითებს", - თქვა მან.
კირბიმ ასევე აღნიშნა, რომ დადგა თუ არა მოლაპარაკებების დრო რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ომის დასრულებასთან დაკავშირებით, ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადასაწყვეტია.