
10 დეკემბერს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინას დახმარება გაუგზავნა. კერძოდ, ჰუმანიტარული ტვირთი, 45 ელექტროტრანსფორმატორისა და 50 გენერატორის შემადგენლობით. უწყების ცნობით, ტვირთის ჯამური ღირებულება 1,4 მილიონ მანათზე მეტია [800 ათას აშშ დოლარზე მეტი].
აზერბაიჯანის ქმედებამ რუსეთი გააღიზიანა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია:
"ბაქოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი დამაბნეველია. სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც სამხედრო საჭიროებისთვის იყენებს კიევის რეჟიმი. აზერბაიჯანული მიწოდება, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძირეულად შეცვალოს სიტუაცია, არ წარმოადგენს ჰუმანიტარულ დახმარებას",- ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.