
შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალური მდივანი დაადანაშაულა, რომ ის დაემორჩილა რუსეთის მუქარას და არ გაგზავნა უკრაინაში ოფიციალური პირები რუსეთის მიერ გამოყენებული დრონების შესამოწმებლად, რომელზეც უკრაინა და დასავლეთი ამბობდნენ, რომ ის ირანიდან იყო მიწოდებული.
"ვწუხვართ, რომ გაერომ არ გადადგა ნაბიჯები ამ დარღვევების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ნორმალური გამოძიების ჩასატარებლად", - თქვა გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ.
დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და უკრაინის განცხადებით, ირანის მხრიდან რუსეთისთვის დრონების მიწოდება არღვევს გაეროს უშიშროების საბჭოს 2015 წლის რეზოლუციას, რომელიც ითვალისწინებს ირანის ბირთვულ შეთანხმებას. აღნიშნულ ქვეყნებს სურთ, რომ გუტერეშმა გამოსაძიებლად კიევში ოფიციალური პირები გაგზავნოს.
მანამდე, დეკემბრის დასაწყისში, გუტერეში მოხსენებაში წერდა, რომ გაეროს ოფიციალური პირები რუსეთში ირანული დრონების მიწოდებასთან დაკავშირებით ინფორმაციას სწავლობენ და ნებისმიერ მონაცემებს დროულად მიაწვდიან გაეროს უშიშროების საბჭოს.
რუსეთი უარყოფდა, რომ მისი სამხედროები უკრაინაში ირანულ დრონებს იყენებდნენ და ამტკიცებდა, რომ გაეროს არ აქვს მანდატი იმისთვის, რომ ოფიციალური პირები გაემგზავრონ კიევში დრონების წარმოების გამოსაძიებლად.
ირანი თავდაპირველად უარყოფდა, რომ მან რუსეთს უპილოტო საფრენი აპარატები გაუგზავნა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაადასტურა და თქვა, რომ რუსეთს დრონები უკრაინაში შეჭრამდე მიაწოდა.