სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო აცხადებს, რომ მათ ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა ჩაატაროს კვლევა ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე, მათ შორის თმაზე და ფრჩხილზე.
უწყება ამბობს, რომ დღეს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცხელ ხაზზე მოქალაქემ დარეკა და იკითხა: "თმის ღერზე და ფრჩხილზე ტარდება თუ არა ტოქსიკოლოგიური შემოწმება?" რაზეც ოპერატორმა უპასუხა, რომ თმის ღერზე არ ტარდება, ტარდება შარდის ნიმუშზე.
განცხადებაში აშნიშნულია, რომ "შარდის ნიმუში, ოპერატორის მიერ ნახსენები იყო ადამიანის ორგანიზმში ტოქსიკოლოგიური კვლევით ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით და არა მძიმე მეტალების ან სხვა ნივთიერებების კვლევის თვალსაზრისით".
"მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველობის დადგენის მიზნით, როგორც წესი მოგვმართავენ სისხლის ან/და შარდის ნიმუშში აღნიშნული ნივთიერებების დადგენის მოთხოვნით, ბიუროს აქვს ყველა შესაძლებლობა იმისთვის, რომ ფრჩხილზე და თმის ღერზე ჩატარდეს ნარკოტიკული ნივთიერებების კვლევა.
რაც შეეხება საზოგადოებისთვის დიდი ინტერესის მქონე საკითხს: ორგანიზმში თმის ღერით, სისხლის და/ან ფრჩხილის ნიმუშით მძიმე მეტალებზე კვლევის ჩატარებას, ვაცხადებთ, რომ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტს აქვს ყველა შესაძლებლობა ჩაატაროს ნებისმიერ არაორგანული და ორგანული ბუნების მატრიცაზე.
ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ბიუროს არ აქვს ეგრეთ წოდებული “ლიცენზია” ამა თუ იმ კვლევის ჩასატარებლად. ბიურო საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონით ბიუროს შექმნის შესახებ და დებულებით, რაც პირდაპირ განსაზღვრავს ბიუროს მიერ ექსპერტიზების ჩატარების უფლებამოსილებას და ყველა სხვა სახის ინფორმაცია მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტი აკრედიტებულია ISO 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად, რაც გულისხმობს ბიუროში და კონკრეტულად აღნიშნული მიმართულებით ჩატარებული კვლევების მაღალ სანდოობას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ბიურო ფრჩხილზე და თმაზე ნიმუშებს ვერ იღებს, შესაბამისად, მათი თქმით, ისინი ვერ დაადგენენ არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალები.