
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მთავრობას სურს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტი ჩაატაროს.
კულებას თქმით, სამიტი გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით გაიმართება და უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი 2023 წელს მათი გამარჯვებით დასრულდეს. ასევე, მისი თქმით, ომის დროს, დიპლომატიას, ყველაზე დიდი როლი აქვს.
"ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება… ყოველი ომი მთავრდება ბრძოლის ველსა და მოლაპარაკების მაგიდაზე განხორციელებული ქმედებების შედეგად", - ამბობს კულება.
კითხვას, აპირებს თუ არა უკრაინული მხარე სამიტზე რუსეთის მოწვევას, კულებამ უპასუხა: "მოსკოვს უპირველეს ყოვლისა დასჭირდება ომის დანაშაულისთვის საერთაშორისო სასამართლოში დევნა, ამ ნაბიჯზე მათი მიწვევა მხოლოდ ამ გზით შეიძლება“.