
უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ თუ აშშ უკრაინისთვის ფულის და იარაღის მიცემას შეწყვეტს, ომი შეჩერდება.
ორბანის თქმით, უნგრეთი ომში ჩათრევის საფრთხის წინაშეა, ენერგორესურსების გაძვირება კი ქვეყანას სახიფათო მიმართულებით უბიძგებს.
"უკრაინას შეუძლია გააგრძელოს ბრძოლა მხოლოდ მანამდე, სანამ შეერთებული შტატები მხარს უჭერს მათ ფულით და იარაღით. თუ ამერიკელებს სურთ მშვიდობა, მაშინ იქნება მშვიდობა", - ამბობს ორბანი
ორბანის თქმით, უნგრეთს "პროუნგრული" პოზიცია უკავია:
"ჩვენი პასუხი კითხვაზე, ვიმყოფებით ისტორიის კარგ თუ ცუდ მხარეზე, არის ის, რომ ჩვენ ისტორიის უნგრულ მხარეს ვართ... ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვეხმარებით უკრაინას, ჩვენ დაინტერესებული ვართ სუვერენული უკრაინის გადარჩენით და ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ რუსეთმა საფრთხე არ შეუქმნას ევროპის უსაფრთხოებას, მაგრამ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული რუსეთთან მთელი ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების დათმობით" - თქვა ორბანმა.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ორბანმა ვეტო დაადო კიევისთვის მილიარდობით ევროს გამოყოფას და ამით კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლოიალური დამოკიდებულება პუტინის რეჟიმისადმი.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები აღიარებენ, რომ ორბანის რეჟიმის მხრიდან ეს არ არის პირველი შემაფერხებელი ნაბიჯი და უკვე ეძებენ გამოსავალს სიტუაციიდან.