
მიკოლაევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვა. ამ დროისთვის საჰაერო განგაში უკრაინის ყველა რეგიონშია გამოცხადებული.
ამის პარალელურად კიევში აფეთქებების ხმა, ადგილობრივი დროით 14:00 საათიდან, ისმის. დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ ქალაქში მომხდარი აფეთქებები დაადასტურა.
"ერთ-ერთი აფეთქება მოხდა დედაქალაქის სოლომიანის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს შორის. ყველა სამსახური ადგილზეა", - განაცხადა კლიჩკომ.
სარაკეტო დარტყმის საფრთხის გამო, ოდესაში, ხარკოვში, სუმში, მიკოლაივში, კიროვოჰრადში, დნიპროპეტროვსკსა და ჟიტომირში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზნით, დროებითი ზომები შემოიღეს.
ვიტალი კიმის ინფორმაციითვე, ოკუპანტებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში დაახლოებით 20 რაკეტა გაუშვეს. მისივე თქმით, ბევრი რაკეტა ახლა უკრაინის დასავლეთ რეგიონებისკენ მიემართება, ზოგიერთი მათგანი უკვე ჩამოგდებულია.