
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოკუპირებულ მაკიივკაში 10-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის რუსული სამხედრო ტექნიკა დაზიანდა ან განადგურდა. უწყება ამბობს, რომ ადამიანური "ზარალი" ჯერ კიდევ დგინდება.
უკრაინის სამხედრო სარდლობამ თავდაპირველად განაცხადა, რომ 400-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინის აღმოსავლეთ დონეცკის რეგიონში მომხდარი ინციდენტის დროს.
"სანტამ 400-მდე გვამი ჩაალაგა ჩანთებში", - ეწერა კვირას უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაცილებით დაბალი მაჩვენებელი დაასახელა და თქვა, რომ 63 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა თავდასხმის შედეგად. სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულმა Himars-ის ოთხმა რაკეტამ დაარტყა "დროებითი განლაგების ობიექტს".
აშშ-ში დაფუძნებული კომპანია Planet Labs-ის მიერ გადაღებული სატელიტური სურათები, აჩვენებს 20 დეკემბრისა და 2 იანვრის სიტუაციას მაკიივკაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პროფესიულ სასწავლებელში, რომელზეც თავდასხმა მოხდა, განთავსებული იყო მოსკოვის მიერ გაგზავნილი ახლახან მობილიზებული ჯარები.