
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანალიტიკოსები ყოველდღიურ განახლებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცდილობს დონეცკის ოლქის მაკიივკაში ასობით ოკუპანტის ლიკვიდაციაზე პასუხისმგებლობა "დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა" და მობილიზებულ პირებზე გადაიტანოს.
ISW აღნიშნავს, რომ რუსულ ბაზაზე თავდასხმამ გამოიწვია "მნიშვნელოვანი კრიტიკა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობის მიმართ".
"რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, სავარაუდოდ, ცდილობს თავისი ცუდი ოპერატიული უსაფრთხოების პასუხისმგებლობა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ჩინოვნიკებზე და მობილიზებულ ძალებზე გადაიტანოს, მაგრამ დარტყმის ბუნდოვანმა აღიარებამ მაინც გამოიწვია კრიტიკა რუსეთის სამხედრო სარდლობის მიმართ.
ასეთი ღრმა სამხედრო წარუმატებლობა გაართულებს პუტინის მცდელობებს დაამშვიდოს რუსული ომის მომხრე საზოგადოება და შეინარჩუნოს დომინანტური ნარატივი შიდა საინფორმაციო სივრცეში", - ნათქვამია განცხადებაში.
განახლებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამართალდამცავებმა რუსულ სახელმწიფო ტელეარხებს უთხრეს, რომ თავდასხმა მოხდა მაშინ, როდესაც რუსმა სამხედრო პერსონალმა დაარღვია ოპერატიული უსაფრთხოება პირადი მობილური ტელეფონების გამოყენებით, რამაც უკრაინელებს ზუსტი დარტყმის საშუალება მისცა. ე.წ. "დონეცკის რესპუბლიკის" ზოგიერთი საჯარო მოსამსახურე ითხოვს იმ თანამდებობის პირების დასჯას, რომლებმაც გადაწყვიტეს საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა მობილიზებულთა ბაზად გამოეყენებინათ.