
ფინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, მიკო სავოლას განცხადებით, ფინეთის მთავრობა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მომდევნო, მე-12 პაკეტს ამზადებს.
მისი თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ადრე, ფინეთი არც ახლა გაამხელს სამხედრო დახმარების დეტალებს.
"ფინეთი მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენ ვამზადებთ დახმარების მე-12 პაკეტს. გადაწყვეტილება უახლოეს კვირებში მიიღება. დახმარების შინაარსი განისაზღვრება თავდაცვის ძალებთან ერთად, რათა არ დაირღვეს ჩვენი თავდაცვისუნარიანობა", - განაცხადა სავოლამ.
ინფორმაციისთვის, დეკემბრის ბოლოს, ფინეთის მთავრობამ უკრაინისთვის 28,8 მილიონი ევროს ღირებულების მეთერთმეტე სამხედრო დახმარების პაკეტი დაამტკიცა. ჯამში ფინეთმა უკრაინას 189,2 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გადასცა.